top of page
Anchor 7

Deutsch I ქართული

ბიოგრაფია

თამარ კორძაძის შემოქმედებაზე საუბრისას კრიტიკოსები განსაკურებულად აღნიშნავენ მის „მსუბუქ ტექნიკას“, „მიმზიდველ ტემპერამენტსა“ და „აუდიტორიასთან კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარს“.

 

ქართველი პიანისტის თამარ კორძაძის დაინტერესება ფორტეპიანოთი დედამისის, ნატალია სიხარულიძის დამსახურებით მოხდა. მისი განსაკუთრებული ნიჭი ადრეულ ასაკშივე შეამჩნიეს. მისი კონცერტების ტრანსლირებამ ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით, ასევე პრესის ფურცლებზე მისი ნიჭისათვის მიძღვნილმა სტატიებმა თამარ კორძაძეს აღიარება ბავშვობიდანვე მოუტანა, როგორც საქართველოს ასევე ევროპის მასშტაბით. უკვე ექვსი წლის ასაკიდან თამარ კორძაძეს რეგულარულად იწვევენ როგორც სოლო ისე ორკესტრთან შემსრულებლად ისეთ საკონცერტო დარბაზებში, როგორიც არის კარნეგი ჰოლი, Grand Teatre del Liceu, Tonhalle Zurich, Paleis Het Loo და სხვ. ამჟამად თამარ კორძაძე ცხოვრობს და პროფესიულ მოღვაწეობას ეწევა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში.

 

თამარ კორძაძე მრავალჯერაა წარდგენილი და არაერთხელ აქვს მიღებული პირველი პრიზები სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შემდეგი ჯილდოები: - „კლასიკური სონატის საუკეთესო შემსრულებელი“ (საბერძნეთი), „დებიუსის პრელუდიის საუკეთესო შემსრულებელი“ (პორტუგალია), „კრიტიკოსების სპეციალური პრიზი“ (იტალია), ფონდ Nicati-de Luze-ს პრიზი და ლანდოლტის პრემია (შვეიცარია). გარდა ამისა თარამ კორძაძე მრავალი პრესტიჟული სტიპენდიის მფლობელია: ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებისთვის დაწესებული ყოველწლიური საპრეზიდენტო სტიპენდია, (მიიღო ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში), სტანისლავ ნეუჰაუზის ფონდის სტიპენდია, არის ასევე მოსკოვში გამართული საქველმოქმედო პროგრამის „ახალი სახელები“ სტიპენდიანტი.

 

თბილისში პროფესორ დოდო ცინცაძესა და მანანა დოიჯაშვილთან სწავლის შემდეგ  „ფონდ ლირას“  დაფინანსებით სწავლას შვეიცარიაში, ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში (ZHdK) გააგრძელა,  პროფესორ კონსტანტინე შერბაკოვის კლასში. სწავლის პერიოდში ჰქონდა საშუალება დასწრებოდა ისეთი ცნობილი შემსრულებლების მასტერ კლასებს როგორებიც არიან: დიმიტრი ბაშკიროვი, ელისო ვირსანაძე, პაულ ბადურა-შკოდა, რუდოლფ ბუხბინდერი და ვლადიმირ კრაინევი.

 

სოლო პიანისტის კარიერასთან ერთად თამარ კორძაძე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ის არის მონტეპულჩიანოს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი,  ასოციაცია „ახალგაზრდა კლასიკოსების“ თანადამფუძნებელი, მმართველობის წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, მისი მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა აღმოჩენა და მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიზნით თამარ კორძაძეს ურთიერთობა აქვს მრავალი მუსიკალური სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან, მისი კონტაქტები ეხმარება ასოციაციას ახალი ტალანტების აღმოჩენაში, მათ დაკავშირებასა და მათი ნიჭის გასანვითარებლად სპონსორების მოძიებაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ კორძაძის მიერ დაფუძნებული ასოციაცია „ვივაჩეს“ საქმიანობა. ეს ასოციაცია უკვე 6 წლის განმავლობაში ეხმარება ქართველ ტალანტებს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. ასოციაციას, რომელსაც თავად ქართველი პიანისტი ხელმძღვანელობს ამ ხნის განმავლობაში 20-მდე პროექტი აქვს განხორციელებული და მისი მუშაობის შედეგად 50-მდე ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელს მიეცა უცხოეთში ორგანიზებულ მასტერ-კლასებზე დასწრების, საერთაშორისო კონცერტებში მონაწილეობის თუ სწავლის გაგრძელების საშუალება.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თამარ კორძაძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა, ატარებს მასტერ კლასებს ევროპის მრავალ წამყვან მუსიკალურ სასწავლებელში და არის რამოდენიმე საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ჟიურის წევრი.

 

bottom of page